ჩვენი სკოლა

 


    სოფელ რუისპირში სკოლის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ არსებობს ზოგიერთი მონაცემები, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს სავარაუდო თარიღი:1967 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ დაცულია შემდეგი ინფორმაცია: „ 1876-1877 წლის ახალგაზრდა მასწავლებელი ზაქარია გულისაშვილი პატარძეულში აიძულეს დაეტოვებინა  სოფელი და ემუშავა მასწავლებლად მეტეხში, შემდეგ სოფელ კაკაბეთში, აქედან სოფელ რუისპირში, შემდეგ გომარეთში“.

  1967 წლის 5 თებერვალს გაზეთი „ლელო“ წერილში  „ბავშვთა მოამაგენი“ ვკითხულობთ: 1886 წელს ხსენებულ მასალაში ცალკე თავებადაა გამოყოფილი ზ. გულისაშვილის მიერ მიწოდებული მასალა, რომელსაც ხელს აწერს თელავის მაზრის რუისპირის სოფლის სკოლის მასწავლებელი გულისოვი.

დასახელებული მონაცემები საფუძველს იძლევა, ვიფიქროთ, რომ სკოლა დაარსებული უნდა იყოს 1877-1886 წლებს შორის.

1927-1928 სასწავლო წელს სკოლას შეფობას უწევდა ამიერკავკასიის უნივერსიტეტი, რომელმაც რუისპირის სკოლას შეუძინა საკანცელარიო ნივთები. გარდა ამისა, ღარიბი ოჯახის შვილებს დაეხმარნენ მატერიალურად, უყიდეს ტანსაცმელი.

შემორჩენილია ინფირმაცია,რომ სკოლის ძველი შენობა შეუძენიათ  სოფლის მკვიდრისგან.სკოლა შედგებოდა სამი ოთახისგან, ორი საკლასო ოთახად იყო გამოყენებული, ერთი კი სამასწავლებლოდ.

900-იან წლებში სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ელენე ფარეულიძე. 1904-1905 წლებში სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს დარო ფირანიშვილი.

უკვე  1935 წელს რუისპირში არსებობდა ოთხწლიანი შრომის სკოლა, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა დარო სოლომონის ასული ფირანიშვილი, მათიკო ვასილის ასული არევაძე, მიხეილ მიხეილის ძე აივაზაშვილი და ვასილ ვლადიმერის ძე ფარეშიშვილი.

სკოლაში მეცადინეობა მიმდინარეობდა ერთ ცვლად. სასწავლო წელი იწყებოდა 15 სექტემბერს და მთავრდებოდა 15 ივნისს. სკოლაში სწავლობდა 142 მოსწავლე.

ოთხწლიანი სკოლის სქემაში შექმნილი იყო შემდეგი დასახელების წრეები: სანიტარული, ფრინველთა დაცვის, მხატვრული, წესრიგის დამცველთა და საექსკურსიო.

სკოლის მატერიალური ბაზა იყო მეტისმეტად ღარიბი. ჰქონდათ 8 სკამი, 42 მერხი, 2 კარადა, 3 დაფა, სამეცადინოდ გამოყოფილი იყო 5 საკლასო ოთახი.

1935 წლიდან სოფლის 4 წლიანი შრომითი სკოლა გადაკეთდა არასრულ საშუალო სკოლად.

1937 წელს აიგო  7 ოთახიანი  ახალი სკოლის შენობა, რომელსაც 2-3 წლის შემდეგ მიშენდა 5 დიდი საკლასო ოთახი, მაგრამ სკოლის შენობა მაინც ვერ აკმაყოფილებდა სოფლის მოსახლეობის მოთხოვნილებას.

1940-1941 სასწავლო წლიდან  რუისპირის 7 წლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად, სკოლას ჰქონდა 15 საკლასო ოთახი მეცადინეობა მიმდინარეობდა ორ ცვლად, სკოლაში სწავლობდა 502 მოსწავლე.

1942-1943 სასწავლო წელს სოფლის ისტორიაში ჩაიწერა ფრიად მნიშვნელოვანი ფურცელი - სკოლამ პირველად გამოუშვა 10 - კლას დამთავრებულები.

სკოლის ამჟამად არსებული შენობა-ნაგებობის ისტორია იწყება 1935 წლიდან,როდესაც დაეფუძნა მისი პირველი სართული,1957 წელს დაშენდა მეორე სართული. სკოლის შენობა იმ პერიოდისთვის გათვლილი იყო 306 მოსწავლეზე.

2017 წელი  ოქროს ასოებით შეიძლება ჩაიწეროს სკოლის ისტორიაში.ამ წელს სკოლის შენობა დაექვემდებარა სრულ რეაბილიტაციას.ათასწლეულის გამოწვევის ფონდის და საქართველოს განათლების ,მეცნიერების ,კულტურის და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით სკოლა თანამედროვე სტანდარტებს დაექვემდებარა.

 სკოლა აღჭურვილია თანამედროვე საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებით, გაუმჯობესებულია მთლიანად სასკოლო გარემო,დამონტაჟებულია უსაფრთხოების სისტემები,დაცულია მოსწავლეთა და სკოლის თამანმშრომელთა უსაფრთხოება და უზრუნველყოფილია ნორმალური სამუშაო პირობები.

სკოლა ცდილობს მოერგოს ცვლილებებს და ჩამოაყალიბოს და განავითაროს მაღალი სასკოლო კულტურა,რომელიც  თანამშრომლობაზე,ურთიერთმხარდაჭერაზე და მუდმივ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.



No comments:

Post a Comment